„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული.
„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე.
ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.