ვიფქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებითა და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხდა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვაზე.
„რაც შეეხება ამ საკითხს, მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან.
ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა