"ჯო ბაიდენი საკმაოდ დაკავებულია და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკმა ორშაბათს განაცხადა. ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც პრესმდივანმა განაცხადა, ბაიდენს მთელი კვირის გრაფიკი უკვე გადატვირთული აქვს.
"თავად პრეზიდენტი გეუბნებოდა, რომ საკმაოდ დატვირთულები ვართ და მას უკვე აქვს კვირის სრული განრიგი", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯენ ფსაკმა.
მისი თქმით, ჯო ბაიდენის გრაფიკი მოიცავს ვიზიტებს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებსა და თავდაცვის დეპარტამენტში, გარდა ამისა, ის შეხვდება ბიზნესის ლიდერებს, მერებს და გუბერნატორებს. ასევე, ფსაკის თქმით, ბაიდენი კავშირზე იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პელოსისთან და სხვა კონგრესმენებთან.
როგორც პრესმდივანმა განაცხადა, ჯო ბაიდენი იმპიჩმენტის პროცესის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის სენატში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება.