ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ზაზა გახელაძის დაპატიმრების საკითხი განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში (EUMM), მარეკ შჩიგელს შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მყოფ ერთადერთ საერთაშორისო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის როლს და მნიშვნელობას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს, ეს იყო ზაზა გახელაძის დაპატიმრება და მისთვის დე ფაქტო სასამართლოს მხრიდან 12 წლით პატიმრობის აღკვეთის შეფარდება.

„აუცილებელია, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ იქნას დაყენებული უმაღლეს დონეზე, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების ასევე, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, - აღნიშნა შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თმით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვა და აღნიშნა, რომ ის მუდმივად მუშაობს არა მხოლოდ გახელაძის საკითხზე, არამედ სხვა უკანონო პატიმრების საკითხზეც.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, როდესაც იქნება კონტაქტი როგორც დე ფაქტო ასევე, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან მონიტორინგის მისია ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე დადგეს დღის წესრიგში.

შეხვედრისას მხარეებმა, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რაც ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, კიდევ უფრო დაამძიმა კოვიდ 19-ის პანდემიამ და ასევე, იმ ფაქტმა, რომ არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება გადმოვიდნენ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ასევე, მონიტორინგის მისიის როლზე, როგორც მიუკერძოებელ დამკვირვებელზე, რომელიც ობიექტურ ინფორმაციას აწვდის არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებას იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, არის ევროკავშირის მისიის როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად და შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად, რაშიც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს მისია 2020 წლის დეკემბერში კიდევ ორი წლით გაგრძელდა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.