ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლური თარიღია. ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.
ყველას, ვისაც საერთო ისტორია გვაერთიანებს და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების მხედრულ ტრადიციებს სამაგალითოდ აგრძელებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ წინაპრების ღირსეული შვილები არიან. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც ფიცი სწორედ დღეს დადეს და თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს შეუერთდნენ. ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე მინდა ქედი მოვიხარო. სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. 1918 წელს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია და მასში მოცემული ძირითადი მიზანი დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ყოფის ქვაკუთხედია - შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და უზრუნველვყოთ საზოგადოებისა და მოქალაქის განვითარების მყარი საფუძვლები. ამ რთული, მნიშვნელოვანი გამოწვევების ეპოქაში, როცა შავი ზღვის რეგიონში ომი მიმდინარეობს და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი გამოწვევების წინაშეა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა, მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
ესაა მშვიდობისა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გავზარდეთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება. პარტნიორების მხარდაჭერით თავდაცვის ძალების საბრძოლი საშუალებების გაუმჯობესება მიმდინარეობს. ეროვნული სამხედრო მრეწველობა გავაძლიერეთ და კიდევ უფრო ვითარდება.
ჩვენმა მთავრობამ პარლამენტთან აქტიური მუშაობით, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიებისთვის და ახალი ინსტიტუციური რეფორმებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, რაც თავდაცვის ახალი კოდექსით იქნება დარეგულირებული. მინდა ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადავუხადო ნატო-სა და ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
- 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.