სერბეთის პრეზიდენტმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჯარს უბრძანა, კოსოვოს საზღვარს მიუახლოვდეს

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრე ვუჩიჩმა არმია უმაღლეს მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვუჩიჩმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტში, კოსოვოს პოლიციასთან შეტაკება მოხდა.

პოლიცია ცდილობდა ახლად არჩეულ, ეთნიკურად ალბანელ მერს მის კაბინეტში შესვლაში დახმარებოდა.


ადგილობრივ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს სერბებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კოსოვოს პოლიციამ მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.


იფორმაციისთვის, 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებენ.