ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა - პაპუაშვილი

ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, ვართ 90-იანების თაობა, ის თაობა, რომელმაც გამოიარა 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო მიეხეთქა ყველა აისბერგს, რომელსაც შეიძლება მიხეთქებოდა. რთულია ამ გადასახედიდან თქვა, რისი არიდება შეიძლებოდა, რისი არიდება ვერ მოხდებოდა, რთულია ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ ერთი რამ არის, ჩვენ, იმ თაობას, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები და ის პერიოდი, როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, როდესაც შემდეგ იყო როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თუ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებები, ეს ყველაფერი გამოვიარეთ მაშინ, როგორც ბავშვებმა თუ ახალგაზრდებმა, ყველაფერი ეს ვიწვნიეთ, ერთი რამ ნამდვილად ვიცით - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა არ იყოს იგივე მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ 90-იან წლებში და შემდეგაც.

მიტომ, მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი, განსაკუთრებით დიასპორასთან, ვინაიდან კომუნიკაციის საშუალებები, მედია ხანდახან არ იძლევა ყველა ინფორმაციის ბოლომდე მიტანის შესაძლებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე საუბარიც იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.