ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
"ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ", - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.