კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის საკითხებში ლი ჰუიმ შესთავაზა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის დათმობა.

უკრაინული მედიის ცნობით, დმიტრო კულებამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

„მაშინვე დავუკავშირდი ჩემს კოლეგებს დედაქალაქებში, სადაც ჩინეთის წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა. არცერთმა მათგანმა არ დაადასტურა, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიების აღიარებაზე, სადაც ახლა რუსეთი რჩება.  არ არის საჭირო ყველა სტატიაზე ემოციური რეაქცია. ჩვენ ვაკონტროლებთ პროცესს“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინის ზურგს უკან არავინ არაფერს გააკეთებს, რადგან უკრაინას აქვს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ყველა მთავარ პარტნიორთან. კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს დიალოგს ჩინეთთან.

„მაგრამ ეს დიალოგი სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით წარიმართება. პირველი არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. მეორე -  არ იარსებებს ინიციატივები, რომლებიც უკრაინის მხრიდან რაიმე ტერიტორიულ დათმობას გულისხმობს. მესამე - არ განიხილება გაყინული კონფლიქტის საკითხი. უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მანამდე, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ევროპული ტურნეს დროს, ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლი ჰუი დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.