მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილადაა შესრულებული - არასამთავრობოები

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად არის შესრულებული და თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მიგვაჩნია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ("ღია საზოგადოების ფონდი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "გრასი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი") წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც 22-25 მაისს, ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს.

როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

"ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთან, შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.