NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში რამდენიმე მუნიციპალურ შენობას იცავენ

NATO-ს სამშვიდობო ჯარისკაცებმა ორშაბათს კოსოვოში ოთხი მუნიციპალიტეტის გარშემო უსაფრთხოების კორდონები შექმნეს, რათა ხელი შეეშალათ სერბების პროტესტისთვის ეთნიკური ალბანელი მერების წინააღმდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მუნიციპალიტეტის შენობა ზვეჩანში, ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გასულ თვეში ვადამდელ არჩევნებს ატარებდა და რომელსაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებსა და საბჭოებში აირჩიეს მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები.

„დღეს დილით, NATO-ს, ხელმძღვანელობით, KFOR-ის მისიამ გაზარდა თავისი ყოფნა ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში, რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენების შემდეგ“, - ნათქვამია KFOR-ის განცხადებაში.

„თავისი მანდატის შესაბამისად, KFOR მზადაა, გაატაროს ყველა საჭირო ქმედება, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ნეიტრალური და მიუკერძოებელი გზით“, ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე მითითებულია რომ KFOR-ის მეთაური მჭიდრო კავშირშია კოსოვოსა და სერბეთის უსაფრთხოების ორგანოებთან.


ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 მაისს განაცხადა, რომ კოსოვოს მთავრობამ მუნიციპალურ შენობებში ძალით შეჭრის შესახებ ზომები, აშშ-ის რჩევის საწინააღმდეგოდ მიიღო.

კოსოვო საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა აღიარა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს ის არ უღიარებია. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი. კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და თავიანთ დედაქალაქად კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ.