საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, გამოყენების და დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, 237 პირის სახელზე, ორსულობის შვებულების ასანაზღაურებლად საჭირო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია დაამზადეს, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინეს. აღნიშნულის შედეგად, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტის თანხას ჯამში, 237 000 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ბრალდებულის სახით უკვე მიცემულია პასუხისგებაში.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება ჯგუფურად) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.