NATO ჩრდილოეთ კოსოვოში, KFOR-ის ჯარებზე „არაპროვოცირებულ თავდასხმებს“ გმობს

NATO-მ კოსოვოში, დემონსტრანტების მხრიდან თავდასხმები დაგმო.

დაშავდა NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალის, KFOR-ის 20-მდე სამხედრო.

NATO-ს ჯარებსა და სერბ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობა ეთნიკურად ალბანელი მერების არჩევას მოჰყვა.

BBC-ის ცნობით, ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ზვეჩანში მომიტინგეების შესაჩერებლად, მას შემდეგ რაც ისინი მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

NATO-მ თავდასხმებს „სრულიად მიუღებელი" უწოდა, მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას.

„NATO მკაცრად გმობს არაპროვოცირებულ თავდასხმებს KFOR-ის ჯარებზე ჩრდილოეთ კოსოვოში, რამაც გამოიწვია რამდენიმე სამხედროს დაშავება. ასეთი თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას და ჩაერთონ დიალოგში. KFOR მიიღებს ყველა საჭირო ზომას უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად და გააგრძელებს მიუკერძოებელ მოქმედებას, გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუციით გათვალისწინებული მანდატის შესაბამისად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.

უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპროტესტო აქციების საპასუხოდ, არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა. 

ინფორმაციისთვის, KFOR-ის ძალები შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად და კოსოვოში განთავსდა 1999 წლის 12 ივნისს.