პირველი გეგმა ჩაიშალა და აამუშავეს გეგმა B - გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა B.
გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში", - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.