სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.

„პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.