საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
„ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.