პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, შარლ მიშელის შეთანხმება, პოლარიზაცია პრეზიდენტის შეწყალების უფლება - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტის ტრიბუნა ასევე გამოიყენა იმისთვის, რომ მიემართა საქართველოს მთავრობისთვის; შეეხსენებინა ყველასთვის, რომ რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა: ეს არის თავისუფალი სავიზო რეჟიმის, პირდაპირი ფრენების აღდგენა - ამ ფონზე კი, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი გაამყარებდა საქართველოს სტატუსს რეგიონში. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შარლ მიშელის ხელშეკრულება ბოლომდე რომ განხორციელებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მინიჭებული ექნებოდა.

ახლა კი, სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. 

რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებასა და მისი ზრახვებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის ეს ბუნება ახალისებს რუსეთის აგრესიას და არა ევროკავშირის ან NATO-ს გაფართოება. 

ასეთ დროს კი, ზურაბიშვილს ამორალურად მიაჩნია რუსეთისთვის მადლობის გადახდა ევროკავშირისგან დახმარების ფონზე. 

საქართველოს პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და გამოხატა პირადი პატივისცემა, აღტაცება და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხისადმი. 

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, აქ, ამ დარბაზში ჩვენი, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გვერდიგვერდ ვიხილავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალების უფლებას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე. 

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიც ახსენა. 

"მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

"როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.