ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა, ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ეტაპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და არჩევანი შემდეგ უკვე, ბოლო სიტყვა, სათქმელი იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი.
ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან. მე ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი ეს იყო მთავარი საუბრები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.