პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხ რეგიონში, გურიაში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.
შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.
გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.
„ხარისხიანი, ეფექტური კოორდინაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, უკიდურესად მნიშნველოვანია. დღეს გვაქვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, რომელსაც გავახმოვანებთ და რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და კიდევ უფრო ეფექტური გახადონ ეს კოორდინაცია. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების, ჩვენი მოქალაქეების როლი, ფუნქცია და მათი ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად, დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ვირუსიც, ვმართოთ რეგიონალურ ჭრილში და მაშინ, როდესაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, ან კახეთში და სხვაგან, სადმე, რომელიმე რეგიონში, ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სრულად უნდა დაიკეტოს ქვეყანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტურად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.