პრემიერი: მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ერდოღანის ძლიერი ლიდერობის" პირობებში, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის. შესაბამისი პოსტი ღარიბაშვილის Twitter-ზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში.

მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა.

ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა.

ინაუგურაციის ცერემონიას 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.