კულტურის სფეროს დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, თუ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად თეა წულუკიანი დაინიშნება, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის კანდიდატურა მოიაზრება.
"იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში, ვინაიდან ვთვლი, რომ ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს", — განაცხადა სარჯველაძემ.
ამჟამად, თეა წულუკიანი განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.
როგორც დაგეგმილია, განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და კულტურის სამინისტრო შეიქმნება, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებიც გაერთიანდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს. თუმცა, არც თვითონ წულუკიანი და არც მთავრობა აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.