ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტია "ლელოს" მოთხოვნას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი წესი, რომლითაც გასცემს საჯარო ინფორმაციას.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, Covax-თან, ისევე, როგორც სხვა მწარმოებლებთან შეთანხმებების ნაწილი კონფიდენციალურია და მის გასაჯაროებას სამინისტრო არ აპირებს. მისივე თქმით, ყველას შეუძლია, სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.
"ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ Covax-ის ხელშეკრულების ფარგლებში, ისევე, როგორც მწარმოებლებთან შეთანხმებით გვაქვს, არის კონფიდენციალური, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ამას ჯანდაცვის სამინისტრო, ზოგადად, გაუზიარებს ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, პარტია ლელოს ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, გასააჯაროვოს Covid-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჯარო მიმოწერა. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება ამ ინფორმაციის დამალვას შეეცდება, პარტია სამართლებრივ გზებს მიმართავს.