რუსული გაზის მიწოდება თურქული ნაკადის გავლით 5 ივნისიდან 12 ივნისამდე დროებით შეჩერდა, ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი გაზსადენის ყოველწლიური სარეკონსტრუქციო სამუშაოა.
ამავდროულად, რუსეთიდან გაზი თურქეთს კიდევ ერთი მილსადენის - ცისფერი ნაკადის გავლით მიეწოდება, რომლის შეკეთება მაისის მეორე ნახევარში დასრულდა.
2022 წელს თურქული ნაკადის გაზსადენის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაო 21-28 ივნისს ჩატარდა.
რუსეთი გაზს თურქეთს შავი ზღვის გავლით ორი მილსადენით აწვდის. ცისფერი ნაკადი ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წლის დასაწყისში, მისი საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზია წელიწადში.
თურქული ნაკადის მთლიანი სიმძლავრე 31,5 მილიარდი კუბური მეტრია, მისი ოპერირება 2020 წლის იანვარში დაიწყო.