ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ჩეჩნეთის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ დასმულის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა შემთხვევაში აქვს მესაზღვრეს საზღვარზე პირის შეჩერების უფლება.
ამასთან, განაცხადა, რომ ჩეჩნების საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან მიიღო.
„ეს ამბავი სოციალურ ქსელებიდან გავიგე, როგორც ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ და მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ მითითება არ არის რაიმე პროვოკაციის შესახებ, თუ ინფორმაცია არ არის რაიმე პროვოკაციული მოქალაქეების შესახებ, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. სხვა შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, რომ შეაჩეროს ან სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ შემთხვევაში, რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს შემოუშვა. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ, ძალიან კარგად გახსოვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
„ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, საზღვარზე შეჩერების, უარის თქმის და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია.
„მთავარი იცით, რა არის? რამდენი ათასი ტურისტი შემოდის საქართველოში, თქვენ და „ნაცმოძრაობა“ სათითაოდ დასდევთ. ის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად არ ჰქონდა დაწესებული.
ჯერ ჩეჩნეთის და საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის სხვა მოქალაქეებისთვის დააწესეს უვიზო რეჟიმი, ეს იყო 2010 წელს. ახლა, იგივე ხალხი დასდევს ამ მოქალაქეებს, რომელი, რა სტატუსით არის, "კადიროველია" თუ არა და ა.შ.
საზღვარზე შეჩერების, უარის თქმის და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. ვთქვათ, შეიძლება, პროვოკაცია ეწყობა ან მსგავსი რაღაც ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესებისთვის, არასასურველი სხვადასხვა ინფორმაცია და ეს მებაჟემ უნდა გადაწყვიტოს ან დარღვეული უნდა ჰქონდეს „ოკუპაციის შესახებ კანონი“. სხვა შემთხვევაში, მებაჟე არცერთ ადამიანს არ აჩერებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი კოლეგა, პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ უნდა ქვეყანა „კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს". თუმცა დავითულიანი აქვე აღნიშნავს, რომ „მათ ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული“.
„არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც გაუგებარი ადამიანები (რომლებსაც თავის ქვეყანაში და არა - საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული).
მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც სხვა რამ ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება... თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში... მეც მოვიკითხე. როგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ", - ამბობს დეპუტატი ქართულ სატელევიზიო მედიასთან.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან არის გადაღებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ მაისში საქართველოში იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები. ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.