საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას“, - წერია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.