საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე" 51 პირი ამოიცნო და მათ მიმართ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოება დაიწყო.
როგორც ცნობილია, იდენტიფიცირებული 51 პირიდან 19-ის წინააღმდეგ გადაადგილების აკრძალვის განმეორებითი დარღვევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო; 8 მონაწილე დაჯარიმდა 2 000 ლარით; 24 პირის მიმართ კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინიც დაჯარიმდებიან 2 000 ლარით.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.