პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა.

„უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს“.

„მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.


ცნობისთვის, აშშ-მ 5 აპრილს დაუწესა სანქციები თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.