რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება

საბჭოთა ეპოქის მთავარი კაშხალი რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ უკრაინის ნაწილში სამშაბათს დაზიანდა, რამაც ომის ზონაში წყალდიდობა გამოიწვია. მომხდარს უკრაინამ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევით უპასუხა. პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, რომ ახლა მხოლოდ გადამოწმებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებაა რელევანტური. 

Reuters-ი წერს, რომ სოციალურ მედიაში სხვადასხვა გადაუმოწმებელი ვიდეო ვრცელდება, რომლის თანახმად, წყალი კაშხლის ნაშთებში ტრიალებს, წყლის დონე რამდენიმე საათში მეტრით გაიზარდა. კაშხალი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში, სადაც ჰესზე აფეთქებაში მოსკოვის მიერ „დანიშნული“ მერი უკრაინას ადანაშაულებს. ხერსონში რუსეთის მიერ „დანიშნული“ პირების მტკიცებით, „უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა ხსენებულ ტერიტორიას, რის შედეგადაც გაანადგურა ჰიდროელექტროსადგურის ჰიდრავლიკური სარქველები“, მაგრამ აღნიშნეს, რომ „კაშხალი მთლიანად არ განადგურებულა“. უკრაინის სამხედროები მიუთითებენ, რომ რუსულმა ძალებმა ააფეთქეს კაშხალი.


რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას.

„და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით.

ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე.


კახოვკის კაშხალი 30 მეტრი სიმაღლისა და 3,2 კმ (2 მილი) სიგრძისაა; 1956 წელს მდინარე დნიპროზე, როგორც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი აშენდა.

ის აწვდის წყალს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული; ასევე ამარაგებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელიც ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რომელიც წყალსაცავიდან იღებს წყალს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. 


ვარაუდები

მდინარე დნიპროში წყალი ადიდდება და, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს ხერსონისთვის კატასტროფული წყალდიდობის საშიშროებას წარმოადგენს. უკრაინის მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც სულ მცირე, 16 000 ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა.