რუსეთთან ომის შემთხვევაში, რომელიც ზოგიერთი გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის აზრით, შეიძლება „ხვალვე“ დაიწყოს, გერმანია NATO-ს დანაყოფების აღმოსავლეთში გადაყვანის მთავარი ცენტრი გახდება.
ბუნდესვერის ლიდერებმა შესაბამისი გეგმის შემუშავება ორწელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს. The Wall Street Journal-ის ცნობით, ახლა, 1200-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტი ცივი ომის მენტალიტეტის დაბრუნებას აღნიშნავს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და ინფრასტრუქტურა სამხედროებთან უწყვეტი თანამშრომლობისთვის იყო მომზადებული.
გამოცემის ცნობით, „ოპერაციული გეგმა გერმანია“ ითვალისწინებს და დეტალურად აღწერს 800 000 გერმანელი, ამერიკელი და NATO-ს სხვა ჯარისკაცის აღმოსავლეთით ფრონტის ხაზზე გადაყვანას. მასში მითითებულია პორტები, მდინარეები, რკინიგზა და მაგისტრალები, რომლითაც სამხედრო დანაყოფები და აღჭურვილობა იმოძრავებენ, ასევე, მათი მიწოდებისა და დაცვის მეთოდებს გზაში.
„შეხედეთ რუკას.“ „რადგან ალპები ბუნებრივ ბარიერს ქმნის, NATO-ს ჯარებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში გერმანიის გადაკვეთა მოუწევთ, „მიუხედავად იმისა, თუ საიდან შეიძლება, დაიწყოს ის,“ - ამბობს ტიმ შუხტაი, ბრანდენბურგის საზოგადოებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი.
გერმანიისა და NATO-ს სხვა ქვეყნების სამხედრო შეფასებით, რუსეთი მზად იქნება ალიანსზე თავდასხმისთვის ორიდან ხუთ წლამდე. თუმცა სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაძლო, შეწყვეტა მას საშუალებას მისცემს, ყურადღება გაამახვილოს იქ მიყენებული დანაკარგების ანაზღაურებაზე, არმიის გაძლიერებასა და სამხედრო პოტენციალის უფრო სწრაფად გაზრდაზე.
ამასობაში, მოსკოვი უკვე აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ევროპაში. ბუნდესვერის გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზოლრანკმა, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის არმიის სამხედრო ოპერაციებისთვის მზადებაზე, ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთს „შეუძლია შეზღუდული მასშტაბის შეტევა NATO-ს ტერიტორიაზე უკვე ხვალიდანვე დაიწყოს.“
ევროპული ქვეყნები აგრესიის მოსაგერიებლად ემზადებიან, მათ შორის, აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარისკაცებისა და იარაღის სწრაფად მიწოდების გზების შემუშავებით. ამ მიზნით იქმნება „სამხედრო შენგენის“ სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული რეგულაციების, მათ შორის, ტექნიკური, საბაჟო და უსაფრთხოების რეგულაციების სტანდარტიზაციას.
თავდასხმის სწრაფად მოგერიებისთვის მზადყოფნის დემონსტრირება შეკავების სტრატეგიის ნაწილია. ბუნდესვერის უფროსმა ოფიცერმა და „ოპერაციული გეგმის გერმანიის“ ერთ-ერთმა თავდაპირველმა ავტორმა Wall Street Journal-ს განუცხადა: „მიზანია ომის თავიდან აცილება ჩვენი მტრებისთვის იმის ნათლად გაცხადებით, რომ თუ ისინი თავს დაგვესხებიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ.“