ლატვია რუსეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის სრულ დემონტაჟს განიხილავს

ლატვია რუსეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთების სრულ დემონტაჟს გეგმავს. ლატვიის მთავრობა წლის ბოლომდე მოამზადებს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის შესაძლო დემონტაჟის შედეგების ანალიზს. შესაბამის სამუშაოში ჩაერთვება ლატვიის შეიარაღებული ძალები, ასევე, კონსულტაციები გაიმართება ლიეტუვასთან და ესტონეთთან.


პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის თქმით, ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რკინიგზის დემონტაჟი შეიძლება, ერთ-ერთი ვარიანტი იყოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. პრეზიდენტმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ევიკა სილიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„ჩვენ არ შეგვიძლია, გამოვრიცხოთ ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების რაიმე შესაძლებლობა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები როგორც სამუშაოს ვადების, ასევე, მასშტაბის შესახებ, უნდა მიიღებოდეს მიღებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების შედეგების ანალიზისა და შეფასების შემდეგ,“ - ციტირებს LSM ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსის სიტყვებს.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიანდაგების შესაძლო დემონტაჟის შესახებ სოციალურ მედიაში დისკუსიები ძალიან ემოციურია და მოკლებულია რაციონალურ არგუმენტებს.


რინკევიჩსის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე რკინიგზის ხაზის დემონტაჟთან დაკავშირებით, უფრო ნათელი სურათი მომავალი წლის დასაწყისში უნდა გაირკვეს.


ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის გეგმაზე მუშაობენ. რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რომ ევაკუაცია შეიძლება, შეეხოს დაახლოებით 1,2 მილიონ ადამიანს. ბალტიის ქვეყნების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 6,2 მილიონია.


ლატვიის პროგნოზით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი სახლები შეიძლება, დატოვოს ქვეყანაში მცხოვრები 1,9 მილიონი ადამიანის მესამედმა (დაახლოებით 630 ათასმა).


ევროპის ქვეყნები სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს წლებში. სექტემბერში NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი და ჩინეთი გრძელვადიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან.