გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება - მთავრობა

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება.

მისივე თანახმად, ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა. მან მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.