გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 7 ივნისსს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, გასულ წელთან შედარებით, 5-ით მეტმა, 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
ამ ქვეყნებს შორის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოა. რეზოლუციის წინააღმდეგ 9 სახელმწიფო (რუსეთი, სირია, ნიკარაგუა, სუდანი, ზიმბაბვე, ბურუნდი, ბელორუსი, კუბა, ჩრდილოეთი კორეა) წავიდა, 59-მა კი, თავი შეიკავა. გასულ წელს, ჩინეთმა, ლაოსმა და ვიეტნამმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ახლა ჩინეთმა თავი შეიკავა, ლაოსსა და ვიეტნამს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.
„ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 64 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ფაქტი "კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს".
ქართული მხარის მიერ ინიციირებული IDP რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის (CANS-ის - კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის - სახელით), ლიეტუვის (NORDIC/BALTIC-ის სახელით), ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაეროს წევრ ქვეყნებს საქართველოს IDP რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური დინამიკა, რაც გამოიხატა, როგორც დევნილების შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის მიღებაში", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“.
რეზოლუციის თანაავტორთა/თანასპონსორთა შორის არიან: ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ჯიბუტი, ესტონეთი, ფიჯი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კირიბატი, ლატვია, ლიბერია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პაპუა ახალი გვინეა, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ტონგა, თურქეთი, ტუვალუ, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალავი, მექსიკა, ახალი ზელანდია, პალაუ, სამოა, ტრინიდადი და ტობაგო, ვანუატუ.
საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. ნიკარაგუამ.
2009 წელს კი, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.