ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.
როგორც თვითონვე ამბობს, ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ კომისიის 12 რეკომენდაციიდან 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და შედეგად, ის ელის ევროპელი პარტნიორების სამართლიან შეფასებას შემოდგომაზე.
„ვწუხვარ, რომ ეს განცხადებები აჩენს კითხვებს იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან, ასევე კომისიისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო აღმოსავლურ პარტნიორებს შორის ლიდერი იყო, ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ეს ასევე გავლენას ახდენს იმაზე, რომ დღეს საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ზოგიერთ ძირითად სფეროებში“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა.