სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც (რუსეთის წინააღმდეგ, რედ.) სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ო’ბრაიენმა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
კითხვას, რომელი ქვეყნები ქმნიან სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით ხუთი ქვეყანა, რომლებიც იწვევენ სანქციების გვერდის ავლის პრობლემას. ესენი არიან: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს.
ევროკავშირის სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ევროკავშირი შიშობს, რომ ასეთი ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ „ქართველი ბიზნესმენები „რულეტს თამაშობენ“ რუსეთში ელექტრონიკის გაგზავნით, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებს“.
ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მფლობელები შეიძლება გახდნენ სანქციების დამრღვევები, ამიტომ ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ასეთი სახის ვაჭრობა.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული საქონელი რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება, ჩანდეს, როგორც კარგი ბიზნეს შესაძლებლობა ამ ქვეყნებში ვინმესთვის.
მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც ჩვენ განვმარტავთ, ამ საქონლის ნაწილი შესაძლოა ბრძოლის ველზე აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ო’ბრაიენმა.
ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან გულმოდგინედ ასრულებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს“, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების შემოღების შემდეგ ელექტრონიკის მიწოდებაზე „ჩვენ ვხედავთ ელექტრონული საქონლის ტრანზიტის ზრდას საქართველოს გავლით რუსეთისკენ“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ფედერაციისთვის ელექტრონიკის მიწოდების ბრალდებას უარყოფს.
განახლება
რადიო თავისუფლების თანახმად: Politico-ს ცნობა შეეხებოდა ჯიმ ო’ბრაიენის გამოსვლას ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. ო’ბრაიენი 7 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს“ (ECFR) ორგანიზებულ დისკუსიაზე იმყოფებოდა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
კარლ ბილდტი, ECFR-ის თავმჯდომარე და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
იოვიტა ნელიუპსიენე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
არანჩა გონსალესი, პარიზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი
ჯიმ ო’ბრაიენი - სანქციების კოორდინატორი
დისკუსია, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს. ასევე, აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების გვერდის ავლის პრევენციის მიზნით.
ო’ბრაიენის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლა „პრობლემაა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ექსპორტის კონტროლისა და სანქციების დამსახურებით, რუსეთის უნარი, აწარმოოს იარაღი, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული“.
„ვიცით, რომ [სანქციების გვერდის ავლა] სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დავდივარ ყაზახეთში, ამიტომ დავდივარ საქართველოში, სომხეთში, სხვა ადგილებში… გვყავს ჯგუფი, რომელიც თურქეთში დადის და ა.შ.“, - განაცხადა მან.
როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას?
ჯიმ ო’ბრაიენმა განმარტა, როგორ მიუდგა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პრობლემას:
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამ ნივთების ექსპორტი თავად უნდა შეგვეწყვიტა. რადგან ეს ვაჭრობა, - იმის გამო, რომ ტექნიკურად ორმაგი დანიშნულების ტვირთი იყო, - ლეგალური იყო. ასე რომ, მაგალითად, ყაზახეთში მისი გაგზავნა ლეგალური იყო“, - განაცხადა მან.
მისი განმარტებითვე, პირველად ევროკავშირმა დააწესა ამ მიმართულებით შეზღუდვები, რასაც დიდი შვიდეულის ქვეყნები თებერვალში მიჰყვნენ. „და ახლა უკანონოა ამ ნივთების გაგზავნა, თუკი ვფიქრობთ, რომ რუსეთის სასარგებლოდ იყენებენ მათ. ვაჭრობის შესახებ მონაცემები ოდნავ აგვიანებს ხოლმე, მაგრამ ვხედავთ, რომ რიცხვები მცირდება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„მეორე მხარეა ურთიერთობა იმ საკვანძო ქვეყნებთან, რომლებსაც იმპორტისთვის იყენებენ. მეორე მხარეა, მივიდეთ მათთან და ვუთხრათ: "ხომ იცით, რომ თქვენ ფულს ძირითადად შოულობთ ევროპასთან, ამერიკასთან, იაპონიასთან ურთიერთობით. და რატომ აყენებთ ამას რისკის ქვეშ რამდენიმე პარტიის გადაზიდვის გამო?" ამის გაკეთების შემდეგ ვნახეთ, რომ:
- თურქეთმა დაუყოვნებლივ დააწესა შეზღუდვები, და თქვა, რომ რეექსპორტს არ დაუშვებდა;
- ყაზახეთმა შეიმუშავა პროცედურების ახალი პაკეტი, და ვხედავთ, რომ [რუსეთთან აღნიშნული საქონლით ვაჭრობის] რიცხვები მცირდება;
- UAE მზადაა, იმოქმედოს, როდესაც კონკრეტული ინფორმაციით ვუპირისპირდებით;
- და სხვა რამდენიმე ქვეყანაც იწყებს ამ პროცედურების დანერგვას;
- ასე რომ, იმედია, ეს რიცხვები შემცირდება“, - განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა.
ო’ბრაიენის თქმით, ამ შეზღუდვების შედეგი არის ის, რომ „რუსეთი აღარ არის ცენტრალურ აზიაში ეკონომიკის ცენტრი“.