შალვა პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სარკეში ჩახედვაზე“ ევროპარლამეტარ კალიურანდის რეპლიკას უპასუხა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს ურჩევს, მათ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციებს ჩახედონ.

„რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან.


„როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან 12 მარტს მისცა ტელეკომპანია „იმედს“, მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“ ეს არის პრემიერ-მინისტრის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა?!

მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ ისმის ბრალდებები პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ ბრიუსელში.

და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, - მიმართა კალიურანდმა „ქართული ოცნების“ წევრს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე.


ცნობისთვის, მაია ბითაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის შეფასებები, რაც მან მოისმინა შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელი იყო. ბითაძის შეფასებით, ზოგი განცხადება, არა დეპოლარიზაციის, არამედ, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.