სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას - პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელისგულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ ადამიანთან სემინარს ატარებდნენ.

ადამიანთან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. სააკაშვილს ვინც მაშინ ახალისებდა, მათ შორის, იმით, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები დგანან და კვლავ იცავენ, მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამას პოლიტიკური კორუფციის გარდა, ჯიუტ „ფრი მიშას“ კამპანიად, ვერ ავხსნი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.