უკრაინის უშიშროების სამსახური: რუსი ჯარისკაცი ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა

უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) მიერ გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრების თანახმად, სავარაუდოდ, რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი ხერსონის ოლქში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნიპროზე, 6 ივნისს განადგურდა, რამაც სამხრეთ უკრაინაში ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.

უკრაინის ცნობით, კაშხალი რუსმა ძალებმა ააფეთქეს.


მოსკოვის მიერ „დანიშნული“ ე.წ. მთავრობა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში ნგრევაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა, ეს პრეტენზია სწრაფად უარყო კიევმა და შეახსენა კრემლს, რომ უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, რუსმა ჯარებმა კაშხალზე ასაფეთქებელი ნივთიერებები უკვე გასულ წელს მოათავსეს.

უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ ამბობდნენ, რომ კახოვკის კაშხლის გარე თავდასხმებით განადგურება შეუძლებელი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ საერთაშორისო მედია იმის გამო გააკრიტიკა, რომ „რუსული ნარატივებით ეხმიანებიან კაშხლის აფეთქებას“.

კულებამ აღნიშნა, რომ ეს „ფაქტებს და პროპაგანდას თანაბარ პირობებში აყენებს".

კაშხლის რღვევით გამოწვეულმა მასობრივმა წყალდიდობამ შესაძლოა, უკრაინელი სამხედროების მოსალოდნელი კონტრშეტევა ქვეყნის სამხრეთში გაართულოს.

ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-თან ამბობს, რომ უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ.

თუმცა უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის პრესსპიკერი, ნატალია ჰუმენიუკი ამბობს, რომ კახოვკის ჰესზე აფეთქებამ მომავალი ბრძოლის ლანდშაფტი შეცვალა და არა გეგმები.

რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ჭრის პირველ დღეებში დაიკავეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური და მას შემდეგ აკონტროლებენ მას.