სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე გლობალური საქმეების მიმართულებით, პოლა დობრიანსკი ამბობს, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა რუსეთი ისეთ ჯგუფებში, როგორიც დიდი შვიდეულია, არ უნდა დააბრუნონ. ის ასევე მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ გლობალური მაგნიტსკის აქტი უფრო მძლავრად და ეფექტურად გამოიყენოს.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა ექნება. თუმცა დასძენს, რომ ჯერ არ ვიცით როგორი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. დობრიანსკი ასევე ამბობს, რომ ამერიკამ ძალის დემონსტრირება ყველა საჭირო შემთხვევაში უნდა მოახდინოს, იქნება ეს ევროპაში, თუ არქტიკაში, სადაც რუსეთი სამხედრო ბაზებს აშენებს. პოლა დობრიანსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდეის ადმინისტრაციამ მკაფიოდ ისაუბრა რუსეთზე და თქვა, რომ ის მიიღებს ზომებს.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გადატვირთვის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთში არამხოლოდ ოპონენტებს აპატიმრებენ, არამედ მათ წინააღმდეგ მასობრივ სისასტიკეს აქვს ადგილი. აქ ერთსაც დავამატებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი უნდა დავაბრუნოთ სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფში. მაგალითად, დიდ შვიდეულში. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ამ ნაბიჯს არ ამართლებს.
არსებობს მათი ჩართვის სხვა გზებიც, რომლებსაც რუსეთზე უფრო ფართო პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია. ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც იცით, გადაწყვიტა „ახალი სტარტის“ ხელშეკრულების განახლება. არიან ექსპერტები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და სხვები, რომლებიც ამ ნაბიჯს ემხრობიან. მე მაინც ვიტყოდი, რომ მივესალმები და მჯერა, რომ ადმინისტრაციას აქვს სურვილი ამ ძალისხმევაში ბალანსისთვის ჩინეთიც ჩართოს. ეს მიზანშეწონილია, რადგან როგორ შეიძლება ბირთვულ საკითხებზე ერთ ქვეყანასთან მოლაპარაკება აწარმოო და არ ჩართო ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩინეთია“, - აღნიშნავს დობრიანსკი.