თეატრებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე სასაუბროდ, თეა წულუკიანი რობერტ სტურუას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.

რუსთაველის თეატრში შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს და პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს

შეგახსენებთ, რომ პანდემიის მიზეზით, 2020 წლის მარტის შემდგომ თეატრებს გახსნის უფლება არ მიეცათ. სახელმწიფო თეატრებში დასაქმებული მსახიობები მოჭრილი ხელფასის სახით საკმაოდ მინიმალურ თანხას, ზოგაან 150 ლარამდე იღებდნენ. მსახიობების და თეატრში დასაქმებული სხვა შემოქმედების ძირითადი შემოსავლის წყაროს გამართული სპექტაკლებიდან მიღებული ჰონორარები წარმოადგენდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ კერძო თეატრები, რომლებიც გამართული სპექტაკლებიდან შემოსული თანხით არსებობდნენ და ხელფასებს გასცემდნენ. პანდემიამ მთელი სახელოვნებო სივრცე თეატრების ჩათვლით, სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა.

გუშინ თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრშიც გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, წულუკიანი კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს. რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გაყოფის შემდეგ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება.