უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი ბაქოს პორტში, მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის გამოყენებას დაიწყებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ უზბეკეთი საქონლის ექსპორტისთვის, საქართველოში ფოთის პორტს და აზერბაიჯანში, ბაქოს პორტს აქტიურად იყენებს.
„ბაქოს პორტის მოდერნიზაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ფუნქციონირებას დაიწყებს მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი, რომელსაც ასევე გამოვიყენებთ ჩვენი საჭიროებისთვის.
ფაქტობრივად, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ოპერატიული აქტივობების გაუმჯობესების შედეგად, ჩვენ შევძელით ტრანსპორტირების დროის განახევრება - ერთი თვიდან ორ კვირამდე. დღეს, ამ ძალისხმევის შედგეად, არამხოლოდ უზბეკეთი იყენებს აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, არამედ, მთელი ცენტრალური აზია“, - განაცხადა მუმინოვმა აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებთან.
მუმინოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უზბეკეთი უკვე აქტიურად იყენებს ბაქოს პორტის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით შაქრის იმპორტისთვის.
წელს გვინდა, რომ აზერბაიჯანის გავლით შაქრის მიწოდება 300 000-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ დაახლოებით 100 ვაგონს, რათა დავეხმაროთ აზერბაიჯანს შაქრის გადაზიდვაში“, - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს ეწვია უზბეკეთის დიდი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან კერძო კომპანიები, ასევე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
„ამ კომპანიებს შორის იყვნენ ჩვენი მთავარი ექსპორტიორები და იმპორტიორები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საქართველოს ფოთის პორტისა და ბაქოს პორტის გავლით. ჩვენ 10-მდე შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ბაქოს პორტის მინერალური სასუქების ტერმინალი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში შევა.