- შავი ზღვის მარილიანობის შემცირებას კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევას უკავშირებენ
კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა, რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ სპეციალურ შტაბზე დაყრდნობით წერენ.
გარემოსდამცველები უფრო ადრე აღნიშნავდნენ, რომ შავი ზღვის გამტკნარება საფრთხეს შეუქმნის წყალმცენარეების ყვავილობას. კაშხლის განადგურების შედეგად შესაძლოა, ზღვის წყალს კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შერეოდა.
სპეციალისტებმა ოდესის მახლობლად სამი ადგილიდან აიღეს შავი ზღვის წყლის სინჯები. ორ რაიონში მარილიანობა დადგენილ ნორმაზე 2,9-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ერთში კი - 2,7-ჯერ. ერთ რაიონში ზღვის წყალში რკინის შემცველობა გაზრდილია 9-ჯერ, მეორე ადგილას - 5,2-ჯერ და მესამეზე - 3,4-ჯერ.
ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი კაშხლის გარღვევების შედეგად ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია.
„დნეპრის წლიური შენაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრია, ახლა კი დამატებით 10 - ერთ კვირაში“.
ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ.
კახოვკის კაშხალი 6 ივნისის ღამეს განადგურდა. უკრაინის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 20 - დაშავდა, 35 კი, დაკარგულად ითვლება. რუსული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.