მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული და ევროპის ქვეყნებმა ამის რეგულირება უფრო ადრე დაიწყეს, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპის სივრცეში ამ საკითხზე. საქართველოს ეს ვალდებულება განესაზღვრა ევროასაცირების შეთანხმების დროს.
ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულირება და მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სრულად აწესრიგებს ამ მიმართულებას. ეს არის არამხოლოდ იმ წრის განსაზღვრა ვისაც შეიძლება შეეხოს რეპროდუქციული სერვისების გამოყენება, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ეთიკური სამედიცინო ასპექტი და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, რაც უკავშირდება ამ მეტად სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია ის, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილია, საფრანგეთი მაგალითად და მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავს იმდენად რთულია ბოლომდე ეთიკური მხარის მოგვარება. ჩვენ შემთხვევაში არ იკრძალება, მაგრამ,. გადაწყვეტა არის იმგვარი, რომ სადაც შესაძლებელია, მეტად მკაფიოდ და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული მოტივაცია, ასევე გვქონდეს მეტი გარანტია იმის, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს, რომელიც გაჩნდება მედიცინის დახმარებით. ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ „ქრონიკასთან“.