ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა.
81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასეთია.
პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.
პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.
ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრულყოფილი მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არცნობის შესახებ სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით.
ამასტან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იიყოს მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.