საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 15 ივნისს შეხვდება.
იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ჭიათურაში მაღაროელებს, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში.
„როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ, ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს.
მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყეს. მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.