ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, - წერია ინფორმაციაში.


მისივე თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

„შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.