უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან თავი შეიკავოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს, არც მომავალში მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო არენაზე ამგვარ ქმედებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის მისამართით გაკეთებულ გამოთქვამებს და მას უსაფუძვლოს უწოდებს.

„საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს Facebook-ის გვერდზე, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი უკრაინის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და მას მექრთამე და კორუმპირებული უწოდა.