Politico: ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ტრამპისა და პუტინის საუბრების ჩანაწერები ხელმისაწვდომია

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბრების ჩანაწერებზე წვდომა მოიპოვა. Politico-ს ცნობით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საკმაოდ მრავალი ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუსეთის ლიდერთან და სატელეფონო საუბრებისას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ხშირად აცხადებდა უარს ამერიკელ თარჯიმანზე.

გამოცემის ცნობით, 20-მდე საუბრის შინაარსი საიდუმლოა, თუმცა ახლა ბაიდენის ადმინისტრაცია შეძლებს იმის გარკვევას, რაზე მსჯელობდნენ ორი ქვეყნის ლიდერები და ხომ არ გასცა ტრამპმა საიდუმლო ინფორმაცია. ასევე - ხომ არ გააფორმა ისეთი შეთანხმება, რომელიც ახალი ადმინისტრაციისთვის „სიურპრიზი იქნება“.

მოვალეობის შესრულებისას, ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებულად იცავდა უსაფრთხოების წესებს, რომ მასსა და სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერს შორის საუბარი არ გამჟღავნებულიყო. ის დამსწრე პირების რაოდენობას მაქსიმალურად ზღუდავდა და კაბინეტის ზოგიერთ წევრებს საუბრისას არც კი უშვებდა.

მარინა გროსი, რომელიც ტრამპისა და პუტინის მრავალი სატელეფონო, თუ პირისპირ საუბარის თარჯიმანი იყო, აღნიშნავს, რომ ორ ლიდერს შორის საუბარი იმდენად მეგობრული იყო, რომ ეგონა, ორ ნაცნობს ჩუმად უსმენდა".

ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვა, თუ არა ახალმა ადმინისტრაციამ ჩანაწერების მოსმენა. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ყოფილი ადმინისტრაციის ზარებთან წვდომაზე, არც ერთი საჩივარი არ დაუფიქსირებია.