ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი ეკატერინბურგში, ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორის, ალექსეი გრესკოს დაპატიმრების თაობაზე, 23 იანვრის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის. ინფორმაციას Deutsche welle ავრცელებს.
ადვოკატ ალექსეი ბუშმაკოვის განცხადებით, ეს რუსეთის მოქალაქეების პირველი საჩივარია ევროსასამართლოში, რაც იანვარში ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგებთანაა კავშირში.
საჩივარში ნათქვამია, რომ ეკატერინბურგში ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორის დაპატიმრებით რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ევროპული კონვენციის მთელი რიგი დებულებები. მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ცნობისთვის, 24 იანვარს სასამართლომ გრესკო, საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესის დარღვევის მუხლით, 10 დღით დააპატიმრა. გრესკოს დაკავების საფუძველი გახდა ვიდეორგოლი სახელწოდებით „ეკატერინბურგი 23 იანვარს ქუჩებში გადის“. სასამართლომ მიიჩნია, რომ გრესკომ აგიტაცია განახორციელა არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაზე ხალხის მისაზიდად.