ევროკავშირში გაწევრიანება, NATO-ში ინტეგრაცია, აშშ-სთან ურთიერთობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება - დარჩიაშვილის მოხსენება პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი მოხსენების პირველი თავი ევროკავშირის გაწევრიანებას ეთმობა.

მინისტრის შეფასებით, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა:

„საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით. შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა.

ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც, შესაბამისად, გახდება წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ლიდერების დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი.

უნდა აღინიშნოს, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების ინკლუზიური და ღია პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით მუშაობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და კოორდინაციით, 2022 წელსვე შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი ინტეგრაციის პროცესში ჩართული ექსპერტების მონაწილეობით - საქართველოს პარლამენტის სპიკერის კაბინეტის, დარგობრივი სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს ევროპულ ინსტიტუციებში, ასევე, წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში.

დამატებით, ვიზიტების ფარგლებში, იმართება შეხვედრები აკადემიური წრეების, ანალიტიკური ცენტრების და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოების ფართო წრეების მხარდაჭერის მობილიზება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხისადმი. ეს შეხვედრები ემსახურება ევროპულ ინსტიტუციებსა და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ჩვენი მოკავშირეების მუდმივ ინფორმირებასა და ჩართულობას იმპლემენტაციის პროცესში, ამასთან, კონსულტაციებს 12 პრიორიტეტის ეფექტიანად შესრულების თაობაზე. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სახვადასხვა დონის ვიზიტები და შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებთან“.

მინისტრი აღნიშნავს, რომ „საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი“.


NATO-ში ინტეგრაცია

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ „ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით: "გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც NATO-ს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები".

მინისტრმა მიმოიხილა თითოეული ვიზიტი და მისი შედეგი, მათ შორის ისაუბრა პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრასა და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ვიზიტებზე;

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა NATO-ს ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: NATO-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და NATO-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).

სამომავლო გეგმები

დარჩიაშვილი ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული მხარე "აქტიურად გააგრძელებს მუშაობას საქართველოს სათანადოდ წარმოსაჩენად".

ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის გეგმით, გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, NATO-საქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით.


ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე:

  • "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის;
  • საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები;
  • მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე;
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა;
  • გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით".

მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

დარჩიაშვილის თქმით, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები:

  • "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება;
  • საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება".

ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

„შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს".

მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მაგალითად იშველიებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენებას, რომლის თანახმადაც, „საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას".

ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.


ამავე მოხსენებაში მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარება/ხელშეწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მისი შეფასებით, აღნიშნულს ეკონომიკური სარგებლის გარდა, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჭრილში.

„ისეთი პროექტები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელები, საბორნე მიმოსვლა, რომლებიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს ქვეყანას, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერ რეგიონულ ცენტრად და საკვანძო როლი შეასრულოს საერთაშორისო ტვირთბრუნვასა და ვაჭრობაში, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში არამხოლოდ როგორც ენერგორესურსების გამტარმა, არამედ როგორც სუფთა ენერგიის წყარომ“.