რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა, სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს

რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას“ სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო "აფსნიპრესი" წერს.

„დოკუმენტს“ ხელი მოეწერა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

„საინვესტიციო „პროექტს“ აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს. ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა, რუსული მხრიდან - ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა „ჩვენი ქვეყნისთვის“. მოვლენა, რომელსაც თითქმის 30 წელი ველოდით. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს „აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა ოზგანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით, სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) ოკუპირებული სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლიდან, მის შესახებ დოკუმენტებიდან ინფორმაციაც ამოიღო.


შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.